სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმა" წარადგენს დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება ინფორმაციას დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე.
ძირითადი მიგნებები
კენჭისყრის პროცესი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ასევე, მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, აგრეთვე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს. საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, ასევე, სამეგრელოსა და თბილისში.
16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებულია 1227 უბნიდან. “ჩემი ხმას” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში:
- მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს - 70 უბანზე;
- ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა - 47 უბანზე;
- არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ - 139 უბანზე;
- ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე;
- იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა;
- ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე;
- “ჩემი ხმას” დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე.
"შიდა ქართლში კერძოდ, ქარელში, კასპში, გორში, ასევე, ქვემო ქართლში, კერძოდ მარნეულსა და ბოლნისში, დიდი რაოდენობით, ასევე, თბილისში იდენტიფიცირებული იქნა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობა, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაში ხელშეშლა, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობა.
შიდა ქართლში და ქვემო ქართლში არსებული საარჩევნო დარღვევების სიმძიმე და რაოდენობა, რომელიც მოიცავდა მარკირების გავლის/შემოწმების პროცედურის ჩაუტარებლობას, ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვების ხელშეშლას, მარკირების სითხის/აპარატის გაუმართაობასა და დამკვირვებლების მიმართ ძალადობასა და უბნებიდან გაძევებას, ერთობლიობაში ქმნის ამ რეგიონებში სისტემური საარჩევნო მანიპულაციების დასაბუთებულ ეჭვს. ამავე რეგიონებში პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევები.
კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება საეჭვო ამომრჩევლის იდენტიფიკაციის მიზნით ვერიფიკაციის აპარატებზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლა ჩვენი დამკვირვებლებისთვის, განსაკუთრებით შიდა ქართლში.
უბნების გარეთ ფიქსირდება ამომრჩევლების გამოცხადების აღრიცხვა, მათი პერსონალური მონაცემების გამოყენებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” კოორდინატორების მიერ, რაც წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლს და არის უკანონო.
გამოვლენილია კომისიის წევრების მხრიდან ამომრჩევლისთვის “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემის მინიშნების შემთხვევები.
ამ დროისთვის, ამომრჩევლის აქტივობა წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, მაღალია. ფიქსირდება რიგები თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. ამომრჩეველთა აქტივობა განსაკუთრებით მაღალია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე.
ამ დროისთვის შეწყვეტილია მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრა კოალიციის დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული ბიულეტენების ჩაყრის ფაქტის გამო. საარჩევნო უბნის აპარატურის დაზიანების მიუხედავად, გრძელდება საარჩევნო პროცესი ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე.
ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 184 საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, 27 საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაფიქსირებულია 133 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში", - ვკითხულობთ განცხადებაში.